თეგი: 7-8 მარტის აქცია

გომელაურის თქმით, 7-8 მარტის აქციებზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 146 ადამიანი დააკავეს

საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი სამართალდამრღვევად ცნეს, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დააკავეს 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნეს სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ამ საქმეების ნაწილის განხილვა კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, მათგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულია პატიმრობა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი. „დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე (23:45 სთ) რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი, აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების მიზნით გახსნილი ჰქონდათ ალტერნატიული გზები და ეტაპობრივად პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე ხმის გამაძლიერებელი სპეციალური ტექნიკით მუდმივად ხდებოდა აქციის მონაწილეების გაფრთხილება, რათა შეეწყვიტათ ძალადობა და დაშლილიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა აგრძელებდა აგრესიულ მოქმედებებს, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და მსხვრევად საგნებს, ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ტროტუარებზე განთავსებული სკამები. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მარჯვენა სანაპირო, შეკრების და მანიფესტაციის ადგილიდან მოშორებით ხელოვნურად შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა. მთელი ღამის განმავლონაში არღვევდნენ მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს, ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

გომელაური მარტის აქციებზე: „მოლოტოვის კოქტეილს" ბევრი ისროდა, ღმერთმა ქნას, დავადგინოთ

„რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის, და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება?" დეპუტატების ამ შეკითხვას უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელსაც დღეს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. მისი თქმით, 7 მარტს, დაახლოებით 22:30 საათიდან, შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. „აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირების, დამცავი ფარების წართმევა პოლიციის თანამშრომლებისთვის. მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს: ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინის და ბეტონის ნაჭრებს, დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“. „ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ პირველად საქართველოში აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს. პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა „წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციამ ადგილზე მოახერხა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, მოხდა მათი დაკავება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველზე თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა, სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წყლის ჭავლი“. „უნდა აღნიშნოს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში". მინისტრის თქმით, ​„სიტუაციის ანალიზით, ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ასევე, პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს“. „შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული შესაბამისი საშუალებების გამოყენება". ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეს გამართულ აქციაზეც არაერთხელ გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი". მისი თქმით, დააზიანეს პოლიციის ავტომანქანები, ავტობუსი და ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. მათგან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ერთს [ლაზარე გრიგორიადისს] - პატიმრობა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დემონსტრაციებზე „ერთი ადამიანი არ ისროდა, ბევრი ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს: „ღმერთმა ქნას, რომ ეს დავადგინოთ", - აღნიშნა მინისტრმა. გომელაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი.